მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს – ამერიკულ კანონზე დაფუძნებით მომზადებულ დოკუმენტს განიხილავენ, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ დეზიფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. მაჭარაშვილმა, სხვა კითხვებთან ერთად, პასუხი გასცა იმ კითხვებსაც, რომლებიც კანონის ინდივიდებსა და ბენეფიციარებზე მოქმედებას ეხებოდა, ასევე, გასაჯაროვდებოდა თუ არა კანონის ამოქმედების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულთა პირადი ინფორმაცია და თუ განიხილებოდა ტერმინ „აგენტის“ ცვლილება.
„კანონპროექტი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ანუ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დავაინიციირეთ (ქართული ვერსია), ფიზიკურ და ინდივიდუალურ პირებს არ ეხება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათგან მხოლოდ აიპ-ებს, ანუ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მედიასაშუალებებს ეხება.
ქართულ ვერსიაში დასაქმებულების პირად ინფორმაციაზე წვდომა არ არსებობს, ეს არის FARA-ს, ანუ ამერიკულ კანონში, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ.
რაც შეეხება კითხვას ტერმინთან დაკავშირებით – „გავლენის აგენტი“, მასზე მსჯელობა მეორე მოსმენის საქმეა. პირველი მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ და იქიდან დასკვნის მიღების შემდეგ ჩაინიშნება მეორე მოსმენა. ამგვარ დეტალებზე სწორედ მაშინ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილმა უპასუხა ასევე დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვას – აღნიშნული კანონი შეეხება თუ არა უცხოეთიდან დაფინანსებულ სტუდენტებს და გულისხმობს თუ არა ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
„ეს კანონი არ ეხება სტუდენტებს, რომლებიც სწავლისთვის დაფინანსებას ან გრანტს უცხოეთიდან იღებენ. არანაირი დაბრკოლება ამ კანონის მიღებით მათ არ შეექმნებათ (მით უმეტეს, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებზე საერთოდ არ ვრცელდება). პირიქით, იმ დონორების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ მსგავს მიმართულებებს – სწავლა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ა.შ., გაჩნდება პოზიტიური შეფასება, რაც მათ მეტ მოტივაციას მისცემს. ამ შემთხვევაში, სტუდენტებზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის კითხვასაც – ექნება თუ არა პრეზიდენტს უფლება, გარკვეული დაწესებულები უცხოური გავლენის აგენტის რეესტრიდან ამოიღოს. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედება ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუშლიდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს.
„[პრეზიდენტთან] დაკავშირებით კითხვა, მართალია, შემდეგ კანონპროექტს [ამერიკულ ვერსიას] ეხება, მაგრამ მაინც გიპასუხებთ, რომ საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე – გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებით საგამონაკლისო წესი ჰქონდეს, რაც ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. თუმცა ვთქვით, რომ თუ ოპოზიცია თანახმა იქნება FARA-ს, ანუ აშშ-ის კანონპროექტთან დაკავშირებით, შეგვიძლია ამ კანონში შევიტანოთ ცვლილება და „პრეზიდენტი“ „მთავრობით“ ჩანაცვლდეს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა.
ასევე, ეს კანონი არც ქალთა დისკრიმინაციას არ გულისხმობს – ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ საგანმანათლებლო სფეროს, სტუდენტებს, ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულებებს და ა.შ., რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გააგრძელებენ საქმიანობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.