“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი კენჭისყრა იქნება ფორმალური და არც ერთ კანდიდატს არ ექნება უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა.

„პროცესის ჩაგდება გამოიწვია ოპოზიციის მიერ შერჩევის პროცესში ულტიმატუმის ენით საუბარმა და შესაბამისად, მათ მიერ კანდიდატების შერჩევის სამუშაო პროცესის მიზანმიმართულად შეფერხებამ. ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ვერც ომბუდსმენის და ვერც იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევას. მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიისთვის კვლავ შეეცდება, რომ აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და მივაღწიოთ კონსესუსს კანდიდატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, ხვალ გაიმართება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშების მოსმენა.

გაზიარება