„BBC-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობა „Black Lives Matter-ის“ თანადამფუძნებლის, პატრის კულორსის ნათესავი, 31 წლის მასწავლებელი კინან ანდერსონი ლოს-ანჯელესის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ რამდენიმე საათში სანტა-მონიკას ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა 3 იანვარს მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ პოლიციელების მიერ წაქცეული ანდერსონი შველას ითხოვს. სამართალდამცველები მის წინააღმდეგ ელექტროშოკს რამდენჯერმე იყენებენ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პოლიციელები, რომლებმაც ანდერსონი დააკავეს, ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირებისთვის იყვნენ გამოძახებული. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, კინან ანდერსონმა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიმალვა სცადა, რისთვისაც „ცდილობდა, ჩამჯდარიყო სხვა ადამიანის ავტომობილში, მისი ნებართვის გარეშე“.

კინან ანდერსონის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაუდგენელია. იმის ფონზე, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ფერადკანიანი მამაკაცების დაკავების 3 შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებამ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტზე  ზეწოლა გაზარდა.

გაზიარება