„14 ოქტომბერს ნიკა მელიას გამოსვლა თუ გაქვთ მოსმენილი, ნახავთ, როგორი გადამგდები და მატყუარაა ეს ადამიანი“, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„მან თქვა, – თუ არჩევნებს გააყალბებენ, აქ მოვალთ და ივანიშვილის რეჟიმის დასასრულამდე აღარ დავიშლებითო და თქვენ ნახეთ სადმე ქუჩაში მდგარი ნიკა მელია, რომელიც კვირები, თვეები ან დღეები იდგა და იბრძოდა? არა. 14 ოქტომბერს იყო კონკრეტული გეგმა, რომელიც პარტიის მმართველმა მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა, – რომ პროტესტი გაგრძელებულიყო 14 ოქტომბრის შემდეგ და არ დაშლილიყო. ეს გეგმა იყო.
აქციები უნდა ყოფილიყო. ბოიკოტს თუ აცხადებ და შენ არ ენდობი მართლმსაჯულებას, ცესკო-ს და სხვა ინსტიტუციებს, მაშინ ერთადერთი გზა არის ქუჩის პროტესტი და ეს თუ არ შეგიძლია, ბოიკოტი არის სისულელე და ტყუილი.


როცა ამბობ, რომ პარლამენტში ვინც შევა, მოღალატეა და მერე შენ შედიხარ ამ პარლამენტში… ამან ძალიან დაგვაზიანა. მათ შორის, ძალიან დაგვაზიანა იმან, რომ გიორგი გახარიასთან, რუსთან, რომელმაც 20 ივნისს თვალები დაგვთხარა და მოგვწამლა… მე არ ვაპირებ ახლა ამ შეცდომების დამალვა-დაფარვას. ამან მიგვიყვანა ნიჰილიზმამდე“, – განაცხადა მუმლაძემ.


მისი თქმით, ნიკა მელიამ პარტიაში თავისი თავი ამოწურა და ახალი შესათავაზებელი არც არაფერი აქვს, რის გამოც არ სურს დებატებში მონაწილეობა.
„იმის ნაცვლად, რომ პარტიის განვითარების ხედვაზე, მიშას გათავისუფლების კამპანიაზე და პროგრესზე ისაუბროს, მტრის ხატს ხატავს ადამიანებით, დებატებში არ მოდის არსად, მემალება და იმალება“, – განაცხადა მუმლაძემ.

როგორ მუმლაძემ აღნიშნა, თავმჯდომარეობის პირობებში პარტიის სრული რესურსი მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კამპანიას მოხმარდება.
„მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ახლა პარტიას უდგას, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიის ნაწილში. პარტია, პრაქტიკულად, ერთი წლის განმავლობაში იყო უძრავ და უსუსურ მდგომარეობაში”.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე – ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილს თუ ნონა მამულაშვილს, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში დაეხმარება მას, ვინც ერთგული იქნება სააკაშვილის გათავისუფლების და პარტიის განახლება-განვითარების ნაწილში.
„ეს წინმსწრებად კი არ უნდა ვთქვა, ადამიანმა საქმით უნდა მაჩვენოს. მე ვინმეს სიტყვაზე ნდობას არ ვაპირებ და ქმედებიდან გამომდინარე ვენდობი მერე“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

გაზიარება