ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს 7 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „გარე ძალის გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი კანონპროექტი შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ სტანდარტებს. შესაბამისად, ამ კანონპროექტის შესწავლის მიზნით, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს აზრი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისგან და დაიცვას მისი რეკომენდაციები.

დინამიური და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება არის გასაღები დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მნიშვნელოვანი და მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგი, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით”,- ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს – კლერ ბაზი მალორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა.

გაზიარება