„გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მშვიდობა, რომელიც ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში არის და სუფევს… ამის გაქილიკებას ცდილობდნენ და არქმევენ ამას „ცარიელ მშვიდობას“.  ცარიელია თუ სავსე, ეს არის მშვიდობა და მშვიდობა არის ის, რაც  ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას და ვახერხებთ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული. ეს არის უზენაესი ღირებულება დღეს საქართველოსთვის და როგორიც არ უნდა იყოს კრიტიკა, ხელისუფლება ამას შეძლებს და დაიცავს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციონერები ცდილობენ „ცხელ პოლიტიკურ თემებად“  აქციონ ის საკითხები, რომლებიც შეიძლება „ძალიან დიდ საფრთხეებს ქმნიდეს საქართველოსთვის“.

სარჯველაძემ  ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს უპასუხისმგებლო და ყალბი პათეტიკით გაჯერებული უწოდა.

„უპასუხისმგებლოსთან ერთად, ეს იყო გაჯერებული ყალბი პათეტიკით, რომლითაც არაერთხელ დაგვამახსოვრეს თავი და ცდილობენ, ის ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ხდება, რაღაცნაირად საკუთარი პოლიტიკური, ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ  დღეს ვისმენდი ქალბატონი წითლიძის პათეტიკურ გამოსვლას. ამდენი ხანია, რაზეც მიდის საუბარი, ზუსტად იმის დასტური და ლუსტრაცია იყო ეს ყველაფერი.

ერთგვარი უტიფრობაა, როდესაც ბატონი ხაბეიშვილისგან ისმენ, თითქოს ადგილი აქვს ოკუპაციის დაკანონებას. კაცისგან, რომელიც წარმოადგენს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მხარი დაუჭირა და დღემდე იბრძვის იმის გასამართლებლად, რა რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეს 2008 წელს, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დანაშაულის ჩადენაში. ამას ხსნიდნენ სხვა პუნქტებში ჩადებული სიკეთეებით, მაშინ, როდესაც ყველაზე ღირებულს და მნიშვნელოვანს… მართლა ოკუპაციის დაკანონებისკენ მცდელობა შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს, რაც მათ გააკეთეს იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით. აბსურდია ეს ყველაფერი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და ვერავითარი ფსევდოპატრიოტული, ემოციაზე თამაშით გამოწვეული რაღაც პათეტიკური და აღტკინებული მოწოდებები ამ ხაზს ვერ დაარღვევს. ამას ქართველი ხალხი აღიქვამს ყველაზე კარგად და საკადრის პასუხს ეუბნება ხალხს, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ემტერება მშვიდობას საქართველოში“, – განაცხადა  სარჯველაძემ.  

გაზიარება