„მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის [კრედიტ სუის-ის“] ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია – ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ“, – წერია „კრედიტ სუის-თან“ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აქ საკითხი ერთ მცირე გადახვევას მოითხოვს: 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ბატონი ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ბანკმა უკანასკნელი გადმორიცხვები კლიენტის მიმართ სწორედ 14 დეკემბრის შემდეგ აწარმოა. რატომ გავუსვით ხაზი ამ გარემოებას:

ჩვენ ვთქვით, რომ გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტი მართავს ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი თანხების უდიდეს ნაწილს. ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს“-ს, როგორც ბანკს და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ბატონი ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისივე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა.

ამასთან დაკავშირებით იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში, „კრედიტ სუისს“-ს ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ბატონი ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისს“-მა გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც  ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ბატონი ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა.

იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. შესაბამისად, ამჯერად უკვე გერნსის სასამართლოში მოგვიწია განცხადების შეტანა იმისთვის, რომ კლიენტს თავისი კუთვნილი, უდავო თანხები დაუბრუნონ და იქაც პროცესი არა დაპირებულ დროს, 2022 წლის სექტემბერში, არამედ რამდენჯერმე (სექტემბრიდან – ნოემბერში, ნოემბრიდან – დეკემბერში, დეკემბრიდან – იანვარში და ა.შ.) გადადების შემდეგ 2023 წლის მარტში შედგება (თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მარტიც გადაიდება).

 საგულისხმოა, რომ ეს სასამართლო დავაც კი არ არის. ეს არის ფორმალური პროცესი, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ სასამართლო უბრალოდ ადასტურებს გარკვეულ მოქმედებას. ამგვარ პროცესს, რეალურად, ერთი დღე სჭირდება (და ასეც არის, მარტში სწორედ ერთ-დღიანი პროცესია ჩანიშნული). მეტიც, ილუზორული მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ვთავაზობდით ბანკის მაღალი პოზიციის წარმომადგენელს, რომ გერნსის ტრასტის მიერ გაჩერებული თანხის საკითხი სასამართლოს გარეშე მოკლე დროში მოგვეგვარებინა, თუმცა ამაოდ.

აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია – ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ.

 ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისს“-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან.

ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);

ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი – უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა.

ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება