„მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ; შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები მომავალში საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება.
„ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად, სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის – არსებული „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის; შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ, პოზიტიურად გადაწყდა.
უახლოეს მომავალში, 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, – რომ საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა დავითაშვილმა.