საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 – ე წლისთავს ულოცავს.

“მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს.

ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა – ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას.

დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – წერს პრემიერი “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.

გაზიარება