„დღეს, როდესაც მთელი კამპანიაა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან სასჯელისგან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლნი, მათი ოჯახები“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერი გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრს სოზარ სუბარს, რომლის თქმით, გუშინ გარდაიცვალა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი – ნორა კვიციანი, რომელიც უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი არ იყო, – ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი.
„ეს არის პირდაპირი დაცინვა ამ ოჯახების, როდესაც ტანჯვა-წამება გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართოა ის კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.