“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის – მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის განმავლობაში უარყოფდა, რომ ქართველი მებრძოლების უკრაინაში წაყვანის ორგანიზება ხდება.
მდინარაძის თქმით, ახლა ისინი ამ სკანდალის გადასაფარად აწარმოებენ პიარს.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი ტელევიზიის ე.წ. ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს სთავაზობენ გარკვეულ ხელფასს, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უმარტავენ კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე ჩაირიცხება ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში, ის კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონის ეს ნორმა „ქართულ ოცნებას“ არ მიუღია.
“თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ მტკიცებულებებიც მომთხოვა. მაშინ ამის მტკიცებულებები ხელში არ მეჭირა, მაგრამ გუშინ და გუშინწინ საღამოდან ბევრი რამ ცნობილი გახდა.
ამბობენ, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რადგან ვიღაცის დასჯა უნდა. არადა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ 1993 წლის რედაქციაშიც კი კანონმდებლობის ეს ნორმა უცვლელი შინაარსით იყო და ითვალისწინებდა და დღესაც ითვალისწინებს შემდეგს: „საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ან პოლიციის, ან უშიშროების სამსახურში“.
თქვენ ნახეთ, რომ იმ ექსპერიმენტში არ ყოფილა არც ერთი სიტყვა და მინიშნება, გაფრთხილება იმ ადამიანისა, პოტენციური მსურველისა, რომელსაც ისინი ესაუბრებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ რასაც ვამბობდით, დადასტურდა (თავადაც ადასტურებენ, არ უარყოფენ) – ახდენენ რეკრუტირებას, მათ შორის გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. აქვე, ხაზგასმით მინდა, განვაცხადო, რომ ეს არ გამორიცხავს იმ გულწრფელი ადამიანების ომში მონაწილეობას, რომლებიც მართლაც ენთუზიაზმით, თავიანთი გულწრფელი სურვილით იბრძვიან უკრაინაში, მათ შორის, ღრმად სწამთ (და ამის აბსოლუტური უფლება აქვთ), რომ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის.
ახლა, დამატებით, დღეს ვხედავთ პიარკამპანიის ნაწილს, როდესაც გარკვეულ სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ ისინი მართლაც ირიცხებიან უკრაინის სამხედრო შენაერთებსა და შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
ამის შესახებ არც ერთი ცნობა საქართველოს აქამდე არ ჰქონია. ახლა თუ ძალით გააკეთებენ იმას, რომ რაღაცნაირად, ოფიციალურ დონეზე დაადასტურებენ, დიახ, ისინი სამხედრო შემადგენლობაში არიან და ამით შეეცდებიან, უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ – იქნებ მართლაც ჩამოართვას ვიღაცამ მათ მოქალაქეობა, ამის ოფიციალურ დოკუმენტებსა და წყაროებს თუ თვითონ შექმნიან, შემდეგ, ალბათ, ამაზეც ცალკე პიარს ააგებენ. ჯერ ერთი, ბინძური პროვოკაციაა და, სხვათა შორის, გიორგი ვაშაძეს დაუწყია ეს სოციალურ ქსელში, – მდინარაძე დაემუქრა მოქალაქეობის ჩამორთმევითო, რაც ტყუილია, რადგან მე გავაკეთე რეალური შენიშვნა, რომ მიმოწერაში არ გაუფრთხილებიათ – ადამიანი თუ ჩაირიცხება სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას.
ის იყო წინა ხელისუფლების დროსაც და მაშინაც არავის გახსენებია ამ მუხლის კრიტიკა. ეს არ არის ჩემი განმარტება. ეს არის კანონის განმარტება“, – განაცხადა მდინარაძემ.