„სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაუფაროს, რაც უკვე მესამედ გამოაშკარავდა, ამის გადაფარვის მცდელობაა ახლა ფორმალურ მხარეზე ყურადღების გადატანა. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერია. პატივისა და ღირსების ნაწილში თუკი რაიმე შეიძლება ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.
„პირველად იყო, რომ თითქოს ვითომ შიმშილობდა და მაშინ გახდა ცნობილი, რომ ტყუილი იყო, „ფეიკი“ იყო ე.წ. შიმშილი. მეორედ იყო წამება, თითქოს მას აწამებდნენ და ესეც გამოაშკარავდა. უკვე მესამედ, სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩავარდა. ცნობილი ნარატივი თვეების განმავლობაში – რომ კვდება – აღმოჩნდა ტყუილი. მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის – ფიზიკურს – აყენებდა მედპერსონალს.
რაც შეეხება მის სიმულაციას, რაც უკვე ხელისგულზეა, სიმულაციამ აჩვენა შემდეგი – რომ, მაგალითად, ორმაგი რეკორდსმენი გახდა ეს ადამიანი. მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით. 50 დღეზე მეტი იშიმშილა. ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით – 3 საათი იშიმშილა.
ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე და, გამოაშკარავდება თუ არა, მაშინვე გადადის სხვა საკითხებზე აქცენტი, რომ მთავარი საკითხი – მისი სიმულაცია გადაიფაროს. შესაძლებლობის ფარგლებში, კადრების გარეშე ლაპარაკობდა უწყებაც, რისი თქმის საშუალებაც ჰქონდა; ლაპარაკობდნენ შესაბამისი ადამიანებიც, თუმცა, სპეცოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, ცდილობდნენ, რომ „ფეიკი“ დაემტკიცებინათ საზოგადოებისთვის, რაც ჩავარდა. მხილებულ იქნა როგორც „ნაცმედია“, ისე მისი უცხოელი ლობისტები, ასევე „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები და ახლა ცდილობენ, სხვა თემაზე ილაპარაკონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.