ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება
img
  • 14 იანვარი, 2022 18:11


ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ფონტის ზომა

TT




ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის - თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში გარკვეული კატეგორიებისთვის მცირდება იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები.

როგორც მინისტრის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ცვლილებები ორშაბათიდან შევა ძალაში.

„ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია- კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული, სულ მცირე, 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის, სულ მცირე, არის 10 დღე ვადა და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები. თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ, ანუ მათთვის კარანტინი საჭირო არ არის. ასევე პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე“, – განაცხადა გაბუნიამ.