ნუკრი შოშიაშვილი: ხან დედის და ხან ცოლის არჩევნებში მივლინება არის არაჯანსაღი, ავადმყოფური გონების შედეგი
  • 16 სექტემბერი, 2020 10:11


ნუკრი შოშიაშვილი: ხან დედის და ხან ცოლის არჩევნებში მივლინება არის არაჯანსაღი, ავადმყოფური გონების შედეგი

''მამაკაცის ინსტინქტი, რომ დაიცვას ცოლ-შვილი და მშობელი, არის ჯანმრთელი, ადამიანური მოვლენა. ესაა, სწორედ, ოჯახის სიყვარული. სააკაშვილმა კი 2016 წელს თავისი მეუღლე - სანდრა  ჯერ მაჟორიტარად, შემდეგ კი -  ზუგდიდის მერის არჩევნებზე დააყენა, - მით უმეტეს, იცოდა, რომ სანდრა დამარცხდებოდა. ახლა კი დედა განაწესა მაჟორიტარობის კანდიდატად.

ვნახეთ, ასევე, უკრაინაში მისი მოქმედება, - როდესაც შვილი აიფარა. ეს დამოკიდებულება არის არაჯანსაღი და ავადმყოფური’’, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ.

შოშიაშვილმა  თავის საავტორო გადაცემაში "ისტორიული რაკურსი - ოჯახი და სიცრუის სამყარო’’ საზოგადოებას შეახსენა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის - ნიკა გვარამიას სტატუსი და აღნიშნა, რომ გვარამიას სტატუსი არ არის მარტო ერთ ოჯახზე თავდასხმა; ეს არის ზოგადად, ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ გვარამიას ივანიშვილების ოჯახი გაეკრიტიკებინა, ზოგად ღირებულებას - ოჯახის სიწმინდეს შეეხო.  

ანალიტიკოსი ამბობს, რომ გვარამიამ  გაახმოვანა პოსტმოდერნული პარადიგმა, რომელიც ოჯახში, როგორც მყარ ინსტიტუტში, ხედავს საფრთხეს და სწორედ ამიტომ უწოდებენ ავადმყოფობას.

''ნიკა გვარამია როგორც პოსტმოდერნიზმის კლასიკური წარმომადგენელი, რომელმაც ჩვეულებრივი იურისტისა და ჩინოვნიკის იმიჯით დაიწყო ცხოვრება და მხოლოდ ცხოვრების მეორე ნაწილში იქცა ჰიფსტერ წამყვანად, - ანუ ის, რაც უნდა გაევლო, თინეიჯერობისას გადის ეხლა.

ოჯახი რომ რადიკალურად განსხვავებულად ესმის, ეს ჩანს მათი მოქმედებებინდანაც. ჩვენ იმიტომ ვლაპარაკობთ ოჯახის ღირებულებაზე, რომ ოჯახზე დგას სახელმწიფო, ადამიანი და, ბუნებრივია, როგორც ადამიანური, ისე ღვთაებრივი ურთიერთობები.  მოყვასის სიყვარულს ჩვენ ოჯახიდან ვსწავლობთ. თუ ადამიანი ვერ ახერხებს სიყვარულის გამოვლენას ოჯახში, ადამიანი ვერ გამოავლენს მას გარეთ.

ოჯახში არსებული სიყვარული ქრისტიანულ ეთიკაზე დგას და, როდესაც ამ სიყვარულს უპირისპირდები და ნათლავ ავადმყოფობად, გადახრად, შენ ამით თავად ქრისტიანულ ეთიკას ნათლავ დევიციად. უნდა ითქვას, რომ ეს მათი მსოფლმხედველობის მხრიდან სულაც არ არის გასაკვირი. ის, რომ გვარამიას და, ზოგადად, ამ ჯგუფს ავადმყოფური დამოკიდებულება აქვთ ოჯახის ინსტიტუტისადმი, შეიძლება, სულაც არ არის ოჯახის ინსტიტუტისთვის საშიში, მაგრამ ისინი ცდილობენ, ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე თავიანთი ტელევიზიების, ენჯეოების საშუალებით და ამან გამოიწვიოს გონებრივი დევიაცია.

სახელმწიფოს ზრუნვის ობიექტი არის ადამიანი, მაგრამ მისი ზრუნვის არეალი შეზღუდულია. ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს ოჯახზე, და სახელმძღვანელო, რომლითაც ის უნდა ხელმძღვანელობდეს, არის სიყვარული. ოჯახი დგას სიყვარულზე და შემდეგ უკვე -  ეთიკაზე, ზნეობაზე და კულტურაზე. ამ ყველაფრის მოშლა კი ამ ჯგუფს საკუთარი მოკლევადიანი პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში შეუწყობს ხელს, მაგრამ გამოიწვევს საზოგადოების სრულ დეგრადაციას და დაშლას. ამიტომ დღევანდელი ომის ხაზი გადის ოჯახზე.

არჩევანი ჩვენზეა: მივცემთ ბნელ ძალებს საყოველთაო ღირებულების განადგურების საშუალებას თუ შევინარჩუნებთ და განვავითარებთ ოჯახის ინსტიტუტს და, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობას’’,-განმარტა ანალიტიკოსმა.