ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება
img
  • 16 სექტემბერი, 2020 12:03


ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში, პეკინის ქუჩის შემდეგ, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის და რა პირობებით შეუძლია ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოახდინოს საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება ჩვენს პორტალზე და ამაში მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან. მათთვის მანქანის პარკირება თავიანთი საცხოვრებელი არეალიდან 100 მეტრის რადიუსით იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის - მათთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ადგილები. დანარჩენი ადამიანებისთვის, ვინც სტუმრად მოვა, პირველი 15 წუთი იქნება უფასო, ხოლო შემდეგ, 1 საათის ღირებულება იქნება 1 ლარი”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი განხორციელდება ვაკის რაიონის ზოგიერთ ქუჩაზე.

“ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, დაიწყოს მომზადება ვაკის რაიონში ანალოგიური პროექტის განხორციელებისთვის. ეს იქნება აბაშიძე, ფალიაშვილი, ჭავჭავაძე და გადამკვეთი ქუჩები“, - განაცხადა კალაძემ.