მამუკა მდინარაძე: არჩევნების გადადება ფიქრადაც არ გაგვივლია. ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს
img
  • 16 სექტემბერი, 2020 18:39


მამუკა მდინარაძე: არჩევნების გადადება ფიქრადაც არ გაგვივლია. ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს

ფონტის ზომა

TT


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადებას არ აპირებს. 

მდინარაძის განმარტებით, მსოფლიოს მიდგომაა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, ამიტომ ჩაკეტვა და უმკაცრესი ღონისძიებები, რაც გამართლებული იყო პირველ ეტაპზე, ახლა გამართლებული არ არის.

მისივე თქმით, პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა გარკვეული პროცესები ისევე ვერ გაჩერდება, როგორც ეკონომიკა.

"არჩევნების საკითხსაც ასე უნდა მივყვეთ, – არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, ეკონომიკაც არ უნდა გავაჩეროთ, რადგან ამისი აუცილებლობა არ არის. ამავე დროს, სიკვდილიანობის პროცენტის ასე შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად არ მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება, ეს მდგომარეობა ერთი წელი იყოს და ეკონომიკას ვერავინ გააჩერებს.
პირველ ეტაპზე, როცა ვირუსს არ იცნობდნენ, ჯანდაცვის სისტემა ასეთი მომზადებული არ იყო. მაშინ საჭირო იყო ის ღონისძიებები, რამაც შედეგი მოიტანა. მაგრამ დღეს ამის აუცილებლობა არ არის, - ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის მხრიდან დაბრალება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გადადება სჭირდებაო. ეს ფიქრადაც არ გაგვივლია. ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ, თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობს. არჩევნების გადადების არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.