არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილი უკვე რვა წელია, აანონსებს დაბრუნებას, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირად ღირებული ბინის აივანზე, თუმცა დღემდე ვერ გაბედა ჩამოსვლა
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 13:35


არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილი უკვე რვა წელია, აანონსებს დაბრუნებას, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირად ღირებული ბინის აივანზე, თუმცა დღემდე ვერ გაბედა ჩამოსვლა

ფონტის ზომა

TT


"ამ არჩევნებში საზოგადოებას მართლაც აქვს საშუალება, რომ დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული არჩევნებით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს პროგრესისკენ, ირჩევს უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას.

პარლამენტის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად პარტიამ  მხარდამჭერები გაწირა. 

" მათ გაწირეს საკუთარი მხარდამჭერებიც კი, ეს არის მათი ხელწერა, ისინი ამას აკეთებდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბიზნესში, მედიაში. ამას აკეთებდნენ ყველგან, სადაც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ შორის ჟურნალისტები და სხვათაშორის, ერთ-ერთი აქ მყოფი ტელევიზიის დირექტორი 2-3 თვის წინ პირდაპირ აცხადებდა, რომ ის ტელევიზიას და ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ამის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის რა უნდა გაგიკვირდეთ?“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი დიდი ხანია, დაბრუნებას აანონსებს, თუმცა რეალურად ამას ვერ ბედავს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე რვა წელია, პერიოდულად აანონსებს ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან დგას საკუთარი ძვირად ღირებული ბინის აივანზე და აანონსებს დაბრუნებას, ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა როგორც ხედავთ, დღემდე მან ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან სხვას ამ ქვეყანაში არავის სჯერა მისი სიტყვების. მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან, ის დღეს გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში. ამიტომ ამ არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა და მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება, მის ადგილს დაიკავებს ჯანსაღი ოპოზიცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.