ფოთის პორტის გაფართოების პროექტი, ქალაქის შემოვლითი გზის მშენებლობა, 150 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გიორგი გახარიამ მოსახლეობას ფოთის აღმშნებელობის 4 წლიანი გეგმა გააცნო
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 13:52


ფოთის პორტის გაფართოების პროექტი, ქალაქის შემოვლითი გზის მშენებლობა, 150 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გიორგი გახარიამ მოსახლეობას ფოთის აღმშნებელობის 4 წლიანი გეგმა გააცნო

ფონტის ზომა

TT


"შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას რაიონში დადგეგმილი პროექტები გააცნო. ისაუბრა ფოთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, ქალაქის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული. პრემიერმა ფოთის პორტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  

"თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში გარდა პეის ტერმინალისა, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება ამ ნავსადგურის  გაფართოება, დაიწყება ფოთის ძირითადი პორტის ჩრდილოეთით მშენებლობა, განახლება. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა შემდგომში ათი მილიონი ტონით გაიზარდოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა, რადგან დამატებითი ტვირთების გაჩენასთან ერთად მას  ექნება დიდი მნიშვნელობა.

„მთავრობამ დაიწყო პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა. როგორც კი დამატებითი ტვირთები გაჩნდება ფოთში, ფოთის გზას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა, არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფოთის მოსახლეობისთვის. ტექნიკური ნაგებობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიგდებული იყო, რეკონსტრუირებულია და ეკოლოგიური კატასტროფისგან აზღვევს ფოთს. გაკეთდება ახალი ხიდი და შესაბამისად, ეს ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიძენს ახალ ფუნქციას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთში წარადგინა, იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და შეძლებს ფოთის პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.