სავარაუდო ინტოქსიკაციის შემთხვევა ოზურგეთის ბაგა-ბაღებში. 83 მოწამლული ბავშვიდან 6 საავადმყოფოშია
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 19:04


სავარაუდო ინტოქსიკაციის შემთხვევა ოზურგეთის ბაგა-ბაღებში. 83 მოწამლული ბავშვიდან 6 საავადმყოფოშია

ფონტის ზომა

TT


ოზურგეთის  11 ბაგა-ბაღის 83 აღსაზრდელს სავარაუდოდ ენტეროვირუსის ნიშნები- სიცხე, ღებინება, დიარეა აღენიშნებათ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობას გადიან. ყველა ბავშვს აღებული აქვს ცხვირხახის ნაცხის ანალიზი.

„15 ოქტომბერს სასწავლო პროცესი 32 საბავშვო ბაღში დავიწყეთ. შაბათს, 16:00 საათისთვის პირველად მივიღეთ ინფორმაცია, რომ 4 ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა სიცხე, ღებინება, დიარეა. აღნიშნულის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა, დავუკავშირდით ყველა ბაღის მენეჯერს, დღის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ იყო, თუმცა, მოგვიანებით, 32 ბაღიდან 11-ში აღსაზრდელებს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. მაშინვე ვაცნობეთ მომხდარის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სურსათის უვნებლობის სამსახურს, ეპიდემიოლოგებს. 83 ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია. ოზურგეთის კლინიკაში 6 ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, - აღნიშნავს მაკა ჭყონია.

ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ბავშვები მოინახულა.  

"ნებისმიერი შემთხვევისთვის, გართულებებისგან თავის ასარიდებლად ბავშვები კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით, ექვსივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედი მაქვს, მალე გაეწერებიან",-აღნიშნა თალაკვაძემ.