ხელახლა გამწვავებული კონფლიქტი ბუკნარში: ვინ არის და რატომ აქტიურობს ფირუზ წულუკიძე
img
  • 14 იანვარი, 2021 17:13


ხელახლა გამწვავებული კონფლიქტი ბუკნარში: ვინ არის და რატომ აქტიურობს ფირუზ წულუკიძე

ფონტის ზომა

TT




ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი ამოწურული იყო  და ამას ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი გუშინვე აღნიშნავდა, თუმცა, მოულოდნელად, ასევე ადგილობრივ მუსლიმთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ კონფლიქტი კვლავ არსებობს და შეთანხმებას არ ენდობა. „თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, არ დავიშლებით, ჩვენი ძმები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უფრო ფართომაშტაბიან აქციას ვაანონსებთ“, - აცხადებენ ისინი.

ვინ ცდილობს ბუკნარში ვითარების გამწვავებას?

აქციის ზოგიერთი მონაწილე არ მალავს, რომ ადგილზე დესტაბილიზაციას სხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულები ცდილობენ. მათ შორის სახელდება აჭარელი მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე.

წულუკიძე, რომელიც ბუკნარში პრაქტიკულად ამოწურული კონფლიქტის ხელახლა გასამწვავებლად საგანგებოდ ჩავიდა, სულ რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად იყო გასამართლებული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მუსლიმურ თემში იციან მისი რადიკალური შეხედულებებისა და ტეროტირზმში მხილებულ პირებთან, მათ შორის, 2017 წელს ლიკვიდრებულ აჰმედ ჩატაევთან კავშირის შესახებ. 

2015 წელს საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა ჩატაევმა საქართველოს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობას აუდიომუქარა გამოუგზავნა და ციხიდან რამდენიმე პირის გათავისუფლება მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა და აცხადებდა: "საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება".

ჩატაევი ითხოვდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და აჭარელი მოჭიდავეების - თემურ ბახუნტარიძისა და ფირუზ წულუკიძის გათავისუფლებას.

ვინ არიან ბახუნტარიძე და წულუკიძე და რატომ დააკავეს ისინი 2013 წლის 13 სექტემბერს?

კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფირუზ წულუკიძე ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს - იუსუფ ლაკაევს მალავდა. მას ლაკაევი თურქეთის რესპუბლიკაში კანონოდ უნდა გადაეყვანა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ საქმეში  მათ დახმარებას უწევდა, ასევე, ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარიძე.

ლაკაევმა, დაკავებისას, პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის - პოლიციის თანამშრომელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს წულუკიძე და ბახუნტარიძეც.

ვინ არის იუსუფ ლაკაევი?

რუსული მედიის ინფორმაციით, 30 წლის იუსუფ ლაკაევი 2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატის - დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ ბათუმში დაკავებული ლაკაევი სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველი პირების სიაში იყო. ამის შესახებ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ოპერატიული შტაბის მონაცემებშია აღნიშნული. ლაკაევი გასამართლებულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ლაკაევს რუსი სამართალდამცველები ეძებენ. ცნობილია, რომ ის საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და, თურქეთის გავლით, სირიაში აპირებდა გადასვლას.

როგორც ჩანს, ლაკაევთან ერთად, საეჭვო პირთა წრეში მოხვდნენ თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძეც, - თავის დროზე, მათ ამ მიზეზით ქვეყნიდან გასვლის უფლებაც კი არ მისცეს.

 

ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა, უფრო მეტიც - სწორედ ეს ჩანაწერი გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ბორჩაშვილის წინააღმდეგ.

„ჩანაწერში ჩატაევი ამბობს, რომ, თუ არ მოხდებოდა მათი გათავისუფლება, საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეექმნებოდათ. ამ ჩანაწერის კონტრტერორისტული ცენტრისთვის გადასაცემად ჩატაევმა მის მეგობარს, ალექსანდრე თალაკვაძეს ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა და უთხრა, რომ კიდევ დაუკავშირდებოდა. ერთი კვირის თავზე მართლაც დაუკავშირდა თალაკვაძეს და პასუხი მოსთხოვა მის მიერ გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით, რაზეც თალაკვაძემ ასევე ტელეფონით მისწერა, რომ ეს საკითხი ასე მალე არ წყდება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. გასაგებიაო, – უპასუხა ჩატაევმა და მას შემდეგ ამ პიროვნებასთან კავშირზე აღარ გამოსულა“, – აცხადებს ბორჩაშვილის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე.