ნინო გიორგობიანი: პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება შსს-ზე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე მიზანმიმართული თავდასხმაა
img
  • 04 თებერვალი, 2021 15:19


ნინო გიორგობიანი: პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება შსს-ზე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე მიზანმიმართული თავდასხმაა

ფონტის ზომა

TT




შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ პოლიციელებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გიორგობიანმა აღნიშნა,  მედიასაშუალებების მხრიდან შსს-ზე როგორც  სახელმწიფო ინსტიტუტზე ამგვარი თავდასხმა საზოგადოების ნდობის შესუსტებასა და პოლიციელთა ღირსების შელახვას ემსახურება.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და, მიუხედავად იმისა, რომ უწყებამ ეს ფაქტი არ დაადასტურა, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა, რაც, გიორგობიანის შეფასებით,  "ფეიკ ნიუსის" კლასიკური მაგალითი იყო.

"ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, - თითქოს პოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე, მტკიცებით ფორმაში გავიდა ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება. აგრეთვე, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, - თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.

დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შიდა ქართლის პოლიციის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემ თავად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავ განაგრძობდა ცრუ ინფორმაციისა და ფოტოსურათების ტირაჟირებას,- იმ ფოტოების, რომელთაგან მხოლოდ ერთ ფოტოზე ჩანდა ჩემი კოლეგა“ ,- აღნიშნა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე უწყება მყისიერად რეაგირებს და, თუ რომელიმე ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მისი  სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ხდება.