ირაკლი კობახიძე: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის
img
  • 23 თებერვალი, 2021 15:26


ირაკლი კობახიძე: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის

ფონტის ზომა

TT


 „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორების მიერ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს დააშოროს.

მისივე თქმით, პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.

„ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია; განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა.

ამ პერიოდში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები.

ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი: პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს (მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ.), არ რჩება პოლიტიკაში.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასდროს ჩამოყალიბდება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა, პირიქით, - პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა.

დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა. ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს“ ,- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.