ნათია თურნავა აქციის მონაწილეებს: რაც იწვევდა გულწრფელ შეკითხვებსა და წუხილს „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია
img
  • 04 აპრილი, 2021 18:20


ნათია თურნავა აქციის მონაწილეებს: რაც იწვევდა გულწრფელ შეკითხვებსა და წუხილს „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია

ფონტის ზომა

TT




„მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებსა და წუხილს „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, დღეს მოხსნილია“ ,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოს.

„მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ - რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში. ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში, მანამდე, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში აქციას მართავენ.