ბექა ძამაშვილი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სწორედ რუსეთი იყენებდა კასეტურ და სხვა აკრძალულ იარაღებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
img
  • 07 აპრილი, 2021 17:15


ბექა ძამაშვილი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სწორედ რუსეთი იყენებდა კასეტურ და სხვა აკრძალულ იარაღებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ფონტის ზომა

TT




„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სწორედ რუსეთი იყო ის, რომელიც იყენებდა კასეტურ იარაღსაც, ბალისტიკურსაც და სხვა აკრაძალულ იარაღებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის ყველაზე კარგი დასტურია რამდენიმე თვის წინ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ცალსახად აჩვენა, რომ ყველაფერში დამნაშავე იყო რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ რაიმე ფორმით ისრების გადატანა ქართველ სამხედროებზე, თითქოს ქართული მხარე ცხინვალის წინააღმდეგ კასეტურ იარაღს იყენებდა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყოველი ასეთი განცხადება, რომელიც არც სიმართლეს შეესაბამება და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არ არის ნამდვილი და არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, ცხადია, ხელს არ შეუწყობს სხვა მიმდინარე საერთაშორისო დავებში ქართული მხარის პოზიციების გამყარებას.

ცხადია, მეორე მხარე აკვირდება მიმდინარე მოვლენებს; აკვირდება განცხადებებს და ნებისმიერი მსგავსი განცხადება ყოველთვის შეიძლება მეორე მხარემ გამოიყენოს მიმდინარე დავებში. იცით, რომ ეს დავა დასრულდა, მაგრამ ჰააგის სასამართლოში მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლოა, ნებისმიერი ფორმით გამოყენებული იყოს სამართალწარმოებაში. ჩვენ ამისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით. თავის დროზე, ეს იყო ბრალდება, რომელზეც ძალიან აქტიურად აპელირებდა რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლოში. კერძოდ, რუსეთის ფედერაცია აცხადებდა, რომ საქართველოს გააჩნდა ხარვეზიანი კასეტური იარაღი და ქართულ სოფლებშიც სწორედ ეს ჭურვები ცვიოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და ევროპულ სასამართლოში წარვადგინეთ მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რომელთა მეშვეობითაც ყველა ეს ბრალდება გაქარწყლდა. ჩვენ უკვე სტრასბურგის სასამართლოში ვერ ვნახავთ რაიმე სახით გადაწყვეტილებას, რომლითაც შეიძლება ქართული მხარე გამტყუნებული იყოს; შესაბამისად, ეს ბრალდებები იყო რუსეთის მხრიდან. მცდელობები კვლავაც იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სასამართლოს წინაშე ეს ბრალდებები მოგვეხსნა და მყარი მტკიცებულებებით გვეჩვენებინა, რომ ქართველი სამხედროები არანაირ აკრძალულ იარაღს არ იყენებდნენ და საბრძოლო მოქმედებები მათ წარმართეს ადამიანების უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ცნობისთვის: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლმა - სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ 2008 წელს ქართულმა მხარემ, ცხინვალის დაბომბვისას, კასეტური ბომბები გამოიყენა.