პრემიერი: საფრანგეთი საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონ ევროს გადასცემს
img
  • 10 ივნისი, 2021 17:38


პრემიერი: საფრანგეთი საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონ ევროს გადასცემს

ფონტის ზომა

TT




„დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო გადაეცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეცემა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან სამაგალითო თანამშრომლობა აქვს.

„მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს, საქართველოში რეგიონული ოფისი გახსნა, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 480 მილიონ ევროს და, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.