იუსტიციის მინისტრი: "სტრასბურგში სიმართლე საქართველოს მხარესაა"
img
  • 11 ივნისი, 2021 14:09


იუსტიციის მინისტრი: "სტრასბურგში სიმართლე საქართველოს მხარესაა"

ფონტის ზომა

TT




„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მტკიცებულებები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზეც, ისევე, როგორც წინა საქმეებში, გამარჯვებას მოვიპოვებთ. სიმართლე ამ საქმეში საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმესთან - „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ - დაკავშირებით.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, დადგინდეს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, მათ შორისა: წამების აკრძალვა, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრებისა და განათლების უფლებები.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.