თეა წულუკიანი: "სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს, რადგან სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა"
img
  • 13 ოქტომბერი, 2021 13:28


თეა წულუკიანი: "სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს, რადგან სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა"

ფონტის ზომა

TT




„მინდა ყველა დავარწმუნო - იქნება ეს ერსა თუ ბერში - რომ დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პენიტენციურ სამსახურში არ არსებობს არავითარი პრობლემა, რათა პატიმრის სამედიცინო პრობლემები სათანადოდ იყოს მიხედილი, თანამედროვე სტანდარტის დაცვით, მათ შორის, როდესაც პატიმარი გადაწყვეტს, იშიმშილოს, რაც მისი უფლებაა“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ყველას მოუწოდა ჩახედონ სტატისტიკას, რამდენად დაბალია სიკვდილიანობა ქართულ ციხეებში და რამდენად მაღალია, თუნდაც, სამოქალაქო სექტორის კლინიკებში პატიმრების გადაყვანის შემთხვევები.

„მე მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას, პრაქტიკულად, განულდა ის ნაშთი, რაც გულისხმობდა რიგში დგომას საოპერაციოდ სამოქალაქო კლინიკაში გასვლაზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს, სისტემა ეფექტიანია და, რასაკვირველია, არაფერია არც დაფარული და არც დამალული.

მე მესმის იმ ადამიანების, ვინც, ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და, თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ყველა დავინახავთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს (ღმერთმა დაგვიფაროს) მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა წულუკიანმა.