„ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც მიიღება კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში და ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტისას.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქებთან ჰქონდეთ ინტენსიური კომუნიკაცია ყველა დონეზე.

„დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრები ჰოლანდიაში, პარლამენტში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ამ ქვეყნიდან იმისთვის, რომ აქტიურად მოხდეს ლობირება საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯებისთვის, ასე ვთქვათ პერსპექტივის მინიჭება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროკავშირთან ურთიერთობებში.

ჩვენ ნიდერლანდების სამეფოსთან გვქონდა მანამდეც აქტიური კომუნიკაცია. პირადად მეც ვიმყოფებოდი მაისში აქ. პარლამენტარებთან მქონდა შეხვედრები და შემიძლია, დავადასტურო, რომ ჰოლანდიიდან ნამდვილად იყო მხარდაჭერა, რაც სჭირდებოდა და სჭირდება საქართველოს, მაგრამ რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ ჰოლანდიის პარლამენტთან და გავაგრძელოთ კონსულტაციები იმისთვის, რომ აისახოს ეს მხარდაჭერა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება