სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – ტანია ფაიონთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-სლოვენიის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და რეგიონული გამოწვევები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და საქართველო-NATO-ს ურთიერთობები განიხილეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთანაა დაკავშირებული. ნიკოლოზ სამხარაძემ ამ პროცესში ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელთა წინაშეც საქართველო ყოველდღიურად დგას.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სლოვენიის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი 2023 წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სლოვენიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს. მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ფაიონი მინისტრის პოსტის დაკავებამდე იყო ევროპარლამენტარი. ის კარგად იცნობს საქართველოს და მუდმივად აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, რომ სლოვენია მხარს დაუჭერს მომავალ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციაში, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიქტორ სანიკიძე არიან.

გაზიარება