„მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: ორწლიანი მძიმე პანდემიის ფონზე და რეგიონში მიმდინარე მძიმე საომარი და გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება“ , – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, 2022 წელს, პირველ შვიდ თვეში, ქვეყანაში 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა იყო, ეს კი ზოგიერთმა ადამიანმა გამოიყენა სხვადასხვა ინტერპრეტაციისთცის – თითქოს ეს წინსვლა დაკავშირებული იყო რუსეთთან და არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან.

„საქონლის ექსპორტი გაიზარდა 36%-ით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილიც ზუსტად 34%-ით არის გაზრდილი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე წინა წელთან შედარებით და, ამასთანავე, 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით 90%-მდე აღდგენის კოეფიციენტია .

რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები , რომელიც 922 მილიონი აშშ დოლარია და რომელიც გასული წლის მონაცემს ორჯერ აღემატება. ამავდროულად, იგი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 62%-ით მეტია.

ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება , რომ ჩვენ 2022 წელს ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ სესხს. წელს სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით 40%-ია, ეს არის, შეიძლება ითქვას, ისტორიული მაჩვენებელი.

2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა იმგვარად, რომ პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასის 20%-იანი ზრდა იქნება. მთლიან საჯარო სექტორში კი 10%-იანი სახელფასო ზრდაა. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მილიონ ლარზე მეტი ემატება ბიუჯეტს“, – განაცხადა დეპუტატმა.

გაზიარება