„მე მაინც “ჯიუტად” მინდა მივუბრუნდე “რკინიგზელი” კურტ ვოლკერისა და “პოლიტიკოსი” დავით კეზერაშვილის ლონდონური შეხვედრის თემატიკას. დღეს ჩვენს თვალწინ რომ იმართება ამ უკანასკნელის “პოლიტიკოსად” და “დევნილ მედიამენეჯერად” ლეგალიზების პროცესი, გასაგებია“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, კეზერაშვილი, პირველ რიგში, არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი და იარაღით მოვაჭრე “შავი ბროკერი”.
„როდესაც აშშ-ის კონგრესის დონეზე აუცილებლად დადგება (იმედია!) იმ კომისიის შექმნის დრო, რომელიც შეისწავლის ალბანეთის, ბალკანეთისა და ბალტიისპირეთის იარაღით ვაჭრობის შავი ბაზრებიდან უკრაინისთვის განკუთვნილი 15 მილიარდი დოლარის (ამ ეტაპზე) ღირებულების შეიარაღების “გაუჩინარების” საკითხებს, აი, მაშინ აუცილებლად უნდა დადგეს უკრაინული უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ისა და მისი დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრის (ზედამხედველის) კურტ ვოლკერის თემაც. აი, მაშინ უნდა გაიხსენონ ამ “რკინიგზელის” და იარაღით მოვაჭრე კრიმინალის ლონდონური შეხვედრა და მოიკითხონ ასევე ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ის თანაშემწე, რომელიც კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს წარმოადგენს “ქოლცენტრების” გახმაურებულ საქმეში.
ხოლო, სანამ ეს პერსპექტივები ჯერ კიდევ ბუნდოვანია და წინ გვაქვს, ამ ეტაპზე უყურადღებოდ არ უნდა გავატაროთ კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი: ყველას გვახსოვს, რამდენიმე ხნის წინ ბათუმში სანქცინირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთი რომ შემოვიდა და ამაზე “კეზერ მედიამ” დიდი თეატრის “სტიპენდიანტი” ხოშტარიას მეშვეობით ბრიფინგები რომ გამართა – არიქა, საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობს. დღეს ირკვევა, რომ ეს ტვირთი საქართველოში, კეზერაშვილის დავალებით, მისმა კიდევ ერთმა ბიზნესპარტნიორმა ვანო ნაკაიძემ შემოიყვანა. არაა გამორიცხული, რომ ეს “სკანდალიც” – “რკინიგზელისა” და “პოლიტიკოსის” ლონდონური შეხვედრის დროს ჩაისახა.
დღეს უკვე ისიც კი არის ცნობილი, როგორ ჩაიწერა ჰანტერ ბაიდენის კომპანიონმა რუსმა ოლიგარქმა ევტუშენკოვმა ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი და კეზერაშვილის “ფორმულას” გადასცა “ექსკლუზივად”. არც აქ გამოვრიცხავ კურტ ვოლკერის ჩარევას. ომის პარტიისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების ანტიქართულ დანაშაულთა ყულაბაში ამ ბოლო ფაქტებსაც თავისი საპატიო ადგილი უნდა მივუჩინოთ. სამართლიანობა შეიძლება ურმით გადაადგილდება, მაგრამ ყოველთვის აღწევს თავის ადრესატს!“ – აღნიშნავს ქართველიშვილი.