ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა “For.ge-თან” ინტერვიუში მისი და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის – სულხან მოლაშვილის პატიმრობის ისტორიას იხსენებს.

დავით მირცხულავა ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული მოპყრობაა.

დავით მირცხულავა 4 წელი და ერთი თვე იხდიდა სასჯელს მე-7 საპყრობილეში, შემდგომ კი – ციხის საავადმყოფოში, ე.წ. „რესბალნიცაზე“. ციხის საავადმყოფოში მის ყოფნას დაემთხვა ე.წ. „ციხის ბუნტი“. ყოფილი მაღალჩინოსანი რანდენჯერმე გახდა ცუდად და გულის შეტევით, ბადრაგის თანხლებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მალევე უკან დააბრუნეს.

“პროფესიიდან გამომდინარე ნამდვილად არ აღმოვჩენილვარ საპატიმროში. მე სხვა ადამიანებთან ერთად ვიყავი ე.წ. „მტრების“ სიაში შეყვანილი, რომელიც, ასე ვთქვათ, სასწრაფოდ უნდა დაეპატიმრებინათ. 2003 წელს ის ძალა, რომელიც შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა, მუდმივად ადგენდა გარკვეული ადამიანების სიას და მეც ამ სიაში თავიდანვე მოვხვდი. უამრავი ადამიანი მოხვდა საპატიმროში – 300 000-ზე მეტი. აქ დანაშაულს ან უდანაშაულობას ნამდვილად არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა. თუ სიაში იყავი, აუცილებლად საპატიმროში უნდა მოხვედრილიყავი. სხვა მექანიზმიც მოიფიქრეს – ოფიციალურად ან არაოფიციალურად თანხის გადახდის შემთხვევაში, შეგეძლო თავისუფლებაც მიგეღო, პრივილეგიებიც და ა.შ. აი, ასეთი მეთოდით დაიწყეს ოპონენტებთან ბრძოლა, ანუ იმ ხალხთან, ვინც არ იზიარებდა მათ მსოფლმხედველობას, მათ ტაქტიკას, უბრალოდ, მათთან არ მეგობრობდა.

არც მალავდნენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდებოდა ციხეში. გარკვეული ადამიანები ამას ელოდებოდნენ კიდეც. მეც მქონდა ეს განცდა, ვფიქრობდი, რომ რაღაც სულელური ბრალდებით მოხდებოდა ეს და ასეც მოხდა. თუმცა, ვიმეორებ, საქმესთან ჩემს დაპატიმრებას კავშირი არ ჰქონია”, – აღნიშნავს დავით მირცხულავა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თუ ხელისუფლებას გამიზნული ჰქონდა, რომ ადამიანი ციხეში გაეშვათ, ყველაფერს დააბრალებდნენ. მირცხულავა აღნიშნავს, რომ მის საქმეში საჩივარი საერთოდ არ ყოფილა და ერთადერთი ჩვენება, რომელიც საქმეში ფიგურირებდა, გარდაცვლილ ადამიანს ეკუთვნოდა.

“მძიმე კარდიოლოგიური პრობლემებით შემიყვანეს საპატიმროში. საავადმყოფოდან გადამიყვანეს. დღეს, როცა საუბარია პატიმრის არასათანადოდ მკურნალობაზე, ჩემზე არა, იმ გარდაცვლილ ადამიანებზე ვამბობ, ვინც საპატიმრო გაიარა, – იგივე სულხან მოლაშვილზე. ნამდვილად ცოტა შემხვედრია მასზე ჯანმრთელი ადამიანი, სანამ ის საპატიმროში მოხვდებოდა. შემდეგ კი მთელ საქართველოს ახსოვს მისი დიაგნოზი. ყველაფერი ხომ შედარებითია. ან – ბ-ნი ჭანკვეტაძე. ქართულ ავიაციაში თუ ვინმეს დამსახურება ჰქონდა, ის იყო. 6 წელი გაატარა ციხეში, გამოვიდა და გარდაიცვალა. გამორჩეული ქართველი ენერგეტიკოსი შოთა მაისურაძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო. ახლახან გარდაიცვალა გენერალი კენჭაძე. რომ გადახედოთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც იმ პერიოდში საპატიმროში შევიდნენ და იქ იყვნენ ხანგრძლივად, ყველა დაავადებული გამოვიდა. ბევრი ვერ გამოვიდა. დაიღუპნენ. მახსოვს სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონის გამგებელი, სოსო ჭანტურია – მსგავსი ავადმყოფი ადამიანი არ მინახავს. თვეები ადამიანს სუნთქვაც უჭირდა, რეანიმაციული პაციენტი იყო, მას კი საპატიმროს არ ატოვებინებდნენ. ყოველ ერთ საათში სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, რეანიმაციაში იყო გადასაყვანი, მაგრამ ვერ გადაიყვანეს და საპატიმროში გარდაიცვალა.

როცა საუბარია დღევანდელ საპატიმროზე, შედარებაც არ შეიძლება. ვინც მაშინ ის ჯოჯოხეთი გამოიარა, ყველა ძალიან მძიმე დაავადებებით გამოვიდა. შემიძლია დავით ქანთარია გავიხსენო, წალენჯიხის გამგებელი ურთულეს წლებში და შემდეგ ფოთის მერი, რომელსაც საერთოდ დაუნგრიეს ჯანმრთელობა. ორჯერ დაიჭირეს და დღეს ის დიალიზზეა, სწორედ ციხეში გატარებული არაადამიანური ყოფის გამო. თითო- ოროლა დავრჩით იმ პერიოდის თანამდებობის პირებიდან ცოცხალი, ვინც საპატიმროში ვიყავით, დანარჩენი ყველა იმ ქვეყნად არის წასული”, – ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.

დავით მირცხულავა ციხეში გატარებულ პერიოდს წამებას ადარებს. ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ყველა პატიმართან ერთნაირი მიდგომა ჰქონდა – ყველას სთხოვდნენ ფულს თავისუფლების სანაცვლოდ.

“უამრავი ასეთი ფაქტი იყო. იმ პერიოდში ციხეში ყოფნა უკვე წამების ტოლფასი იყო. გახსოვთ სულხანთან დაკავშირებული ფაქტი – ევროკომისიის გარკვეული ჯგუფი შემოვიდა მე-7 საპყრობილეში, მატიას იორში და ერთ-ერთი ბულგარელი დეპუტატი, რომელიც უჰაერობის გამო ცუდად გახდა და შემოსვლისთანავე ჩაიკეცა. მაშინ პირადად მიმართა სახალხო დამცველს ბატონმა იორშმა: აქ ადამიანებს როგორ აჩერებთ, ჰაერი საერთოდ არ არისო. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გაჭრეს რამდენიმე ფანჯარა, რათა ჰაერით ესუნთქათ ადამიანებს.

წარმოიდგინეთ, ოპერაციის შემდეგ დრენაჟებით წამიყვანეს ისევ საპატიმროში – როცა პროფესორი გოგა ფიფია, რომელიც ხელმძღვანელობდა ქირურგიულ განყოფილებას, ეუბნებოდა: “ექიმი ვარ და დამიჯერეთ, არ შეიძლება ამის ტრანსპორტირება და გადაყვანა”. ოპერაციიდან გამოყვანილი ადამიანის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებაო, – გოგას უთხრეს. მაშინ თქვენც წაგიყვანთ მასთან ერთადო. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო.

ციხის საავადმყოფოში არასდროს იყო წამალი. ექიმების უამრავი მცდელობის მიუხედავად, პატიმრების გადარჩენის საშუალება არ იყო – მედიკამენტები არ ჰქონდათ. გაუთავებლად იყო სტაციონარში შემოსვლა, ხელკეტებით ცემა და უბედურება, გაშიშვლება ყინვაში. შუაღამეზე შემოვარდნა და პატიმრის გაყვანა წესად იყო. ცდილობდნენ, როგორმე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ხომ არ ვიყავით იმ პერიოდში დღევანდელი „ჩინოვნიკებივით“ განსაკუთრებულ ციხეში, არც ერთი იმ პერიოდის მთავრობის წევრი ცალკე ციხეში არ ვიყავით. ჩვენ ვიყავით ჩვეულებრივ, ყველა კატეგორიის პატიმართან ერთად, ზონა იყო თუ ციხე. დღეს ეს წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ცალკე ციხე და კამერა უნდათ. საერთო ციხეში შესვლაზე ისტერიკებს ტეხავენ. ცალკე ციხეს, ფაქტობრივად, ცალკე კამერებს, ნომრებს უშენებენ. მადლობა ღმერთს, რომ ასე ექცევიან. ის სისასტიკე და ჯოჯოხეთი, რაც იმ პერიოდში იყო, არასდროს უნდა განმეორდეს. როცა ადამიანები ამას ივიწყებენ, ეს არის საშინელება. ყველა ციხეში იმ პერიოდში იყო უჰაერობა, სიბინძურე, ანტისანიტარია და მუდმივად ადამიანზე ძალადობა. იგონებდნენ, თვითონ „დგამდნენ“ ციხეში არეულობას, ბუნტს და ადამიანებს ხოცავდნენ და ა.შ. რომელი ერთი ფაქტი მოგიყვეთ, რა ვიცი, გახსენებაც მიჭირს.

თავისუფლებისთვის, ყველასთან, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა თანხა სახელდებოდა. საბოლოოდ, ვუთხარი: “10 ლარსაც კი არ გადავიხდი. შეგიძლიათ, დამტოვოთ”. ნამდვილად მიმაჩნდა, რომ გადასახდელი არაფერი მქონდა. შემოთავაზებები და ეს საუბრები ხშირად იყო. მე დღისით არავის დავუკითხივარ, ღამის პირველ, ორ საათზე შემოდიოდნენ.

უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული ბოლშევიკების პერიოდის ციხეებზე, იმ პერიოდის „გულაგზე“ და უამრავი მწერალი წერდა საბჭოთა კავშირის საშინელ ბანაკებზე და ციხეებზე, რომლებიც იყო, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება არსად წამიკითხავს. არავის დაუწერია მსგავსი, რაც ჩვენთან ციხეებში ხდებოდა. ქვეყანამ მოიცილა ეს რეჟიმი და სისატიკე. ციხეებში მსგავსი ფაქტები აღარასდროს უნდა მოხდეს. როცა უცხოელები წერენ, რომ პენიტენციურ სისტემაში გამოსწორებული მდგომარეობაა და კარგი სიტუაციია, ძალიან კარგია. მე პატიმრები ისეთი ნაცემები მინახია, არა მგონია, სადმე ასე სცემდნენ – სიკვდილის პირას მიჰყავდათ”, – აცხადებს დავით მირცხულავა.

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა სულხან მოლაშვილის ადვოკატის – შალვა შავგულიძის მიერ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც [„არსებობს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა. ეს პრაქტიკა საქართველოს მიმართ ევროპის სასამართლოს გააჩნია – სწორედ ევროპის სასამართლოს ჩართულობით მოხდა მოლაშვილის გადაყვანა, სათანადო მკურნალობა“.] ისაუბრა.

“სულხანი გადაყვანილ იქნა უცხო ქვეყანაში სწორედ იმის შემდეგ, რაც ჩვენ საპატიმრო დავტოვეთ. სულხანი, თავისი ურთულესი დიაგნოზებით, ერთხელაც არ გადაუყვანიათ ქალაქის კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ საპატიმრო დავტოვეთ – 2008 წლის 6 იანვარს, საღამოს, პირდაპირ უწმინდესთან მივედით. სულხანი რამდენიმე თვის გამოსული იყო, უმძიმესი დიაგნოზით ციხიდან, როდესაც ის საზღვარგარეთ მოხვდა. ჯოჯოხეთური წამება და არაადამიანური მოპყრობა გადაიტანა და ეს იყო ყველაფრის მიზეზი”, – აღნიშნა მირცხულავამ.

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ციხის საავადმყოფოში, ე.წ “რესბალნიცაში” მკურნალობის პერიოდი და “ციხის ბუნტი” გაიხსენა.

“ცუდად ყოფნის დროს საავადმყოფოში გადამიყვანდნენ, შემდეგ, იმავე წუთს, ჯანმრთელობის არავითარი დადებითი დინამიკა რომ არ გქონოდა, უკან გაბრუნებდნენ, როგორც მე, მაგალითად, მე-7 საპყრობილეში. სადღაც, ერთი წელი იყო ასე და შემდეგ, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანას მოსთხოვა ჩემი პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში დაბრუნება. ასე დავბრუნდი ციხის საავადმყოფოში, თორემ მთელ პატიმრობის ვადას, ალბათ, მე-7 საპყრობილეში გამატარებინებდნენ.

“რესბალნიცაზე” მამა ბასილი და მოლაშვილი ერთ სართულზე იყვნენ, მე კი – ქვედა სართულზე. მამა ბასილიც მუდმივი პროვოკაციების ქვეშ იყო. ვიმეორებ, ეს ეპიზოდები არ იყო. ყოველ დღე გრძელდებოდა, ყოველ საღამოს, დილაუთენია და ა.შ. მუდმივად ასე იყო.

“ციხის ბუნტი” “რესბალნიცაზე“ დაიწყო, როცა ორი პატიმარი, ერთი – ეპილეფსიით დაავადებული, ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რადგან არ აჰყვნენ ადმინისტრაციის მიერ დადგმულ პროვოკაციას – არეულობის მოწყობას. იგეგმებოდა, რომ „დადგმულიყო“ პატიმრებს შორის ვითომ დაპირისპირება. ეს არ გააკეთა პატიმარმა, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული და ისე სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს. შემდეგ მეორე ადამიანი გამოექომაგა და იმასაც გაუსწორდნენ. პატიმრების თვალწინ, ეზოში, დაყარეს და შემდეგ უგონოები ეზოდან გაათრიეს. აი, ამას მოჰყვა ბუნტი. აპირებდნენ, რომ ამ პროვოკაციის შედეგად მაქსიმალური რაოდენობის ხალხი დასჯილიყო და ასეც მოხდა. ჩვენი კორპუსი ქირურგიულ კორპუსად ითვლებოდა და კორიდორში ვერ გახვიდოდი, იმდენი დაჭრილი იყო იატაკზე. უბედურებმა, არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა. გვეკითხებოდნენ, რატომ გვესროლესო. არავინ იცოდა. ცენტრალურ ციხეში ე.წ. „კარმუშკას“ აღებდნენ, შიგნით იარაღს ყოფდნენ და ისე ესროდნენ. მძინარე ადამიანები არიან დახოცილები. მათ საერთოდ არ იცოდნენ, ბუნტი იყო თუ რა მოხდა. გარკვეული პოლიტიკური ფიგურები, იმდროინდელი ხელისუფლების ლიდერები, გამოდიოდნენ და იძახდნენ, – ერთ-ერთ კორპუსს ტანკებს მივუშვერთ და ბუნტს ტანკებით ჩავახშობთო. ამ დროს, თითქოს, იქ ადამიანები არ იყვნენ”, – იხსენებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი.

დავით მირცხულავამ ყოფილი პრეზიდენტის – სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ციხეში მის მიმართ “განსაკუთრებული მოპყრობაა”.

“არ მინდა საერთოდ ამ პატიმარზე საუბარი. უამრავი პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და ისინი ღირსეულად ატარებდნენ სასჯელს და ღირსეულად იქცეოდნენ. რამდენადაც ვიცი, ეს ბატონი ჩვეულებრივ თერაპიულ პალატაშია და არა რეანიმაციულში. ღმერთმა ნუ გადაიყვანოს. არავის სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. შვილები ჰყავს. არ მინდა პატიმარზე ლაპარაკი, თუნდაც ისეთ პატიმარზე, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არ არის, ქალაქის საავადმყოფოშია. მიმაჩნია, რომ სწორი არ არის. ხშირად კომიკურ სახეს იღებს ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანების განცხადებები და დასკვნები. სერიოზულად რომ წაიკითხავ, უბრალოდ, ღიმილს იწვევს, რადგან ხშირად სისულელეები წერია”, – აღნიშნა მიცხულავამ.

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაზეც ისაუბრა.

“იმ პერიოდში სასამართლო, როგორც ასეთი, ნამდვილად არ არსებობდა. პროკურატურის ნებისმიერ განაცხადს, ფაქტობრივად, სასამართლო ნოტარიულად აფორმებდა. მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა – არც ადვოკატის მუშაობას, არც სიმართლეს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და, შესაბამისად, ადამიანი უნდა დასჯილიყო. სასამართლოში გამამართლებელი განაჩენები საერთოდ არ არსებობდა. თვალს ვადევნებ, ხშირად ვკითხულობ, რამდენჯერ არის მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება და შედარება არ შეიძლება იმ სასამართლოსთან. ამ სასამართლოს, ალბათ, უამრავი ნაკლი აქვს. მე იურისპრუდენციაში დილეტანტი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის სტატისტიკური მონაცემები, რაც ქვეყნდება, მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციებია. მაგრამ სრულყოფილება მუდმივად უნდა გაგრძელდეს. ბევრი რამ არის დღეს სასამართლოში გამოსასწორებელი, მაგრამ როგორ შეიძლება, ადამიანმა ის სასამართლო დღევანდელს შეადაროს!” – აცხადებს დავით მირცხულავა.

გაზიარება