,,დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ვხედავთ, რომ საქართველო განაგრძობს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რაც ამ კრიზისებისა და ომის ფონზე პრაქტიკულად მიუღწეველი გახდა ბევრი რესურსულად მდიდარი სახელმწიფოებისთვისაც კი”, – წერს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესახებ.

როგორც ანგურიძე აღნიშნავს, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ხოლო პირველი 9 თვის მონაცემებით კი, 10,2% დაფიქსირდა.

„საქართველოს მიერ გაცხადებულმა მშვიდობის პოლიტიკამ ახალი რეალობა და ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას უბრუნებს გეოპოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის ფუნქციას.

მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ხოლო პირველი 9 თვის მონაცემებით კი, 10,2% დაფიქსირდა. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული ექსპორტის რეკორდი კიდევ დაფიქსირდა – გაიზარდა 40%-ით და 523 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 20%-ით და შეადგინა 324.3 მლნ აშშ დოლარი. მნიშვნელოვანი ზრდის ტემპი გვაქვს ტურიზმის მიმართულებითაც – 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა თითქმის 18%-ით და 375,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, პრაქტიკულად, ყველა სექტორში, რაც იძლევა მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას.

ევროპის კონტინენტზე ენერგოკრიზისს უკვე მოჰყვა მასობრივი გამოსვლები და არსებობს მაღალი რისკი, რომ საპროტესტო მუხტმა მთელი კონტინენტი მოიცვას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს არაფერი ემუქრება და კრიზისმა დამატებით გაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობას, რითაც, ჩვენი ქვეყნის გავლით, ევროპის კონტინენტი მომარაგდება აზიიდან წამოსული ენერგორესურსებით.

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩვენი ქვეყნის მდებარეობის სტრატეგიული თვალსაზრისით გამოყენება მოახდინა შევარდნაძემ, როდესაც ბაქო-ჯეიჰანს ჩაუყარა საფუძველი და მას შემდეგ პირველად ხდება მდებარეობის სწორად გამოყენებით და, გაცხადებული მშვიდობის პოლიტიკით, ახლა უკვე ღარიბაშვილმა მნიშვნელოვნად მოიპოვა საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდეს რეგიონისათვის ახალი შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს უფრო მეტ სტაბილურობას და საერთაშორისო გარანტიებს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებ ლობები ვერ გაჩნდებოდა, რომ არ ყოფილიყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური რეფორმები და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში.

უახლოესი წლების განმავლობაში ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს სავალუტო ფონდიც და აღნიშნავს, რომ 2027 წლამდე პროგნოზით საქართველოს სტაბილურად მაღალი ზრდის ტემპი ექნება, რითაც ის მსოფლიოში მეორე სახელმწიფო იქნება“, – წერს ეკონომისტი.

გაზიარება