ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მსურს, განცხადება გავაკეთო და მხარდაჭერისთვის მივმართო ჩვენს მოსახლეობას. სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთხელ დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტები, როდესაც აზიანებენ ახალ ინფრასტრუქტურას. ამაზე ვსაუბრობდი გასულ პერიოდშიც. არის შემთხვევები, როცა ხდება ახლად რეაბილიტირებული სკვერის, შენობის თუ ინვენტარის მიზანმიმართული დაზიანება (სურათებს ვაჩვენებთ). მაშინ, როდესაც ჩვენი ქალაქი ლამაზდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები, თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთდა.

კიდევ ერთხელ მსურს ავღნიშნო, რომ არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შესაბამისი სამსახურები ამ შემთხვევებზე კანონიერ რეაგირებას ახდენენ და მოახდენენ.

სწორედ მსგავსი ფაქტების გამოვლენას, უსაფრთხოებას და პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება საჯარო სივრცეებში ვიდეო კამერების განთავსება, რასაც ოპონენტების მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პოპულისტური განცხადებები და სპეკულაციები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

გაზიარება