ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.
ექსპერტი ხაზს უსვამს დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის კურტ ვოლკერის სკანდალურ შეხვედრას და ინტერესდება, რას უნდა მივაწეროთ მათი ალიანსი.
„მტერსაც და მოყვარესაც აუცილებლად უნდა შევახსენოთ: სააკაშვილიც ძებნილი და ბრალდებული გახლდათ, უკრაინის ხელისუფლება კი სხვადასხვა თანამდებობაზე ნიშნავდა. საბოლოოდ, საქართველოში შემოიპარა (თუ შემოაპარეს?!), დღეს კი ციხესა და საავადმყოფოს შორის „მოგზაურობს!”
დავიჯეროთ, ამის შესახებ ოფიციალურმა ამერიკულმა სტრუქტურებმა არაფერი იციან თუ, უბრალოდ, სანამ რესპუბლიკელები გაძლიერდებიან აშშ-ის ხელისუფლებაში, მანამდე ვიღაცები მაინც ცდილობენ უნიჭო სპექტაკლების დადგმა-მოსწრებას?! კითხვებს, მინიმუმ, პასუხები მაინც სჭირდება, ოღონდ, მოპასუხედ ელჩი კელი დეგნანი არ გამოდგება.
თუ იმას გავიხსენებთ, როგორ გაიკვირვა, – „ვინც რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას გთხოვთ, რუსული „გრუ-ს” ნარატივით გესაუბრებათო“, დავიჯეროთ, უკრაინელი ოფიციალური პირების მოწოდებები, მოსმენილი თუ არა, ყურმოკრულიც არ ჰქონდა?! ტექნიკური მთავრობის მომხრე და არჩევნების მცდარი ციფრებით მოვაჭრე არასამთავრობო ორგანიზაციის – „ISFED-ის“ მის მიერ დაცვას თავი რომ დავანებოთ.
მსოფლიო რომ ძალიან არეულია, ამაზე უკვე არ ვდავობთ. დიდი ქვეყნები თუ დიდი მოთამაშეები შეცდომებს შეცდომებზე რომ უშვებენ, ესეც ფაქტია. ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს, – კი ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასეც არაა საქმე.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია, აგერ, ევროკომისარი ვარჰეიც იყო ჩამოსული და პირდაპირ თქვა, – სამხრეთ კავკასიის პროდასავლური “კუნძული” და მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ევროპისკენ გამტარებელი საქართველო დიახაც რომ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობასო.
მაგრამ, ეს მაგრამ არის, რომელიც ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება ხოლმე… თუ ვინმე უნდა იყოს, ჩვენს მერე, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციით დაინტერესებული, რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა მათი მხრიდან, სამწუხაროდ, არა მარტო „უცნაურ“ განცხადებებს ვაწყდებით, არამედ საპირისპირო ქმედებებსაც! სხვანაირად როგორ აიხსნება, რომ ზოგიერთი ამერიკელის მხრიდან პირდაპირ ხდება საქართველოს ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების წახალისება?!“ – წერს ნიკოლეიშვილი.