პოლიტიკური ორგანიზაცია „სინამდვილეში“ ჟურნალისტ თამაზ კუპრეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

როგორც ორგანიზაცია „სინამდვილეში“ აღნიშნავს, ჟურნალისტმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე,  მანიპულაციური აღწერით, ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთის” სტატია გამოაქვეყნა,  თითქოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ შეერთებული შტატების ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური განცხადება გააკეთა და დეზინფორმაცია გაავრცელა.

„დეზინფორმაციის გავრცელებად „ნეტგაზეტმა“ მიიჩნია ზარქუას მიერ ნათქვამი ფაქტი – რომ  ერთ-ერთ ოლქში გარდაცვლილი ადამიანი იქნა არჩეული.

„ნეტგაზეთი“ და, შესაბამისად, სტატიის გამზიარებელი თამაზ კუპრეიშვილი ცრუობენ და ეს ტყუილი ამავე სტატიის ერთ-ერთ ქვეთავში ხდება თვალსაჩინო. კერძოდ, სტატიის ავტორი წერს: „8 ნოემბრის არჩევნების შედეგად, პენსილვანიის წარმომადგენლად ხმების 85%-ით მართლაც აირჩიეს დემოკრატების კანდიდატი ტონი დელუკა, რომელიც 9 ოქტომბერს გარდაიცვალა”.

ზუსტად ანალოგიური განცხადება გააკეთა ირაკლი ზარქუამ – მან ფაქტის კონსტატირება მოახდინა და გარდაცვლილი პირის არჩევა არანაირად არ დაუკავშირებია რაიმე სახის მანიპულაციასთან!

სამწუხაროა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამოცემა „ნეტგაზეთი“ აქტიურადაა ჩართული მმართველი გუნდის წევრების დისკრედიტაციის კამპანიაში და აქვეყნებს ისეთი შინაარსის სტატიებს, რომელთა მიზანი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ კონკრეტული ადამიანების და პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის ხელშეწყობა და გაძლიერებაა“, – აცხადებს პოლიტიკური ორგანიზაცია.

გაზიარება