პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. ამ საკითხის უმოკლეს ვადაში შესრულება ეკონომიკის სამინისტროს დაევალა.

„როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს. 26 000 ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, იღებს სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე შესაბამის მხარდაჭერას საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით.
2345 ახალგაზრდა დღეს საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სწავლობს, მათ შორის 1565 – უკრაინულ ენაზე. 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო მხარდაჭერა, რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მხარდაჭერა არასდროს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულ იქნა სხვადასხვა წინადადების თითქოს განუხილველობის გამო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებაში შევიდა, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ, ყველა, ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და პრემიერის დავალებით, კონკრეტულად, გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ.

გაზიარება