პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის” იმპლემენტაციის დინამიკას.
აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მათ შორის, სამინისტროს ქვემდებარე პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი 5600 პროექტისათვის გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება. ასევე გრძელდება „განახლებული რეგიონების“ მეორე ფაზის სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, აშენდება 330 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ასევე, 2023 წელს დაგეგმილია 26 სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება. დაიწყება 60 ახალი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.