„საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაეროს 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, საქართველო აგრძელებს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები.
„დარწმუნებული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდება. თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.