საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის – ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა.
უწყების ცნობით, მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. სასამართლომ მას, აღკვეთის ღონსიძიების სახით, 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და, ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა.
ასევე, მელაძეს აეკრძალა პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ბრალდებული გამოძიებას მიემალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ ძებნა სწორედ ამიტომ გამოცხადდა.
ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.