“კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია”, – წერს თბილისის მერი კახა კალაძე “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.
“ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების გარშემო შექმნილმა დეზინფორმაციის კამპანიამ საზოგადოების ნაწილში კითხვის ნიშნები გააჩინა, დაბნეულობა და ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამოც გულწრფელი მოქალაქეები ევროპული მომავლის სასარგებლოდ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ქუჩაში გამოვიდნენ.
რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ლეგიტიმურ მოსაზრებას, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მეტად უნდა გვეზრუნა, რომ სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე რიგით მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიგვეტანა.
საბედნიეროდ შევძელით, რომ საზოგადოების, გულანთებული ახალგაზრდების პროტესტი ქაოსსა და გამოუსწორებელი ზიანის მომტან დაპირისპირებაში არ გადაიზარდა, რაც კეთილსინდისიერი მოქალაქეების, სამართამდამცველების, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და ეკლესიის, ჩვენი ყველას დამსახურებაა.
მადლობა ყველას ვინც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ცივილური ფორმებით იყენებდა და დესტრუქციულ ძალებსა თუ ცალკეულ პირებს რადიკალიზაციის საშუალებას არ აძლევდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებას არასდროს გადაუხვევია არც ევროპული არჩევანის და არც ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, ყოველთვის უსმენდა და ითვალისწინებდა ხალხის სამართლიან ნებას, რაც მომავალშიც ასე გაგარძელდება. კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია.
ყველანი ერთად და ღირსებით ევროპისკენ!” – წერს კალაძე.