“საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს, და დღეს ჰქვიათ ეკა გიგაურს და ნინო დოლიძეს. როგორ შეიძლება, ორივეს ერქვას სამოქალაქო საზოგადოება?”,- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი კლანი, რომელმაც მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების სახელის მონოპოლიზაცია.
“არის რამდენიმე მდიდარი “ენჯეო” და ისინი ქმნიან ერთობლივად კლანს. კლანი რა არის? ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც არიან შეკავშირებული გარკვეული ინტერესებით. ამ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესები. მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები და ფლობენ შესაბამის გავლენას არა რეპუტაციის ხარჯზე, არამედ ფინანსური რესურსების ხარჯზე. სხვებზე მდიდრები არიან და, ამ ფინანსური რესურსების წყალობით, ისინი ახერხებენ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას იმაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება.
ეს კლანი ახლა ვიღაცას ეძახის კლანს, “სასამართლოში არის კლანი”, – ამბობენ. ამ დროს, სინამდვილეში, კლანი არიან ისინი. მათ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. კეზერაშვილმაც აღიარა, რომ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აფინანსებს ის. რა ფორმით და როგორ – ეს კიდევ გარეთ არის გამოსატანი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ეს აღიარა, და მათ აქვთ პირდაპირ პოლიტიკური ინტერესი.
პირდაპირ იდგნენ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას, და ეს არის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკაში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.