„10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი, შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

„თქვენი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორი არის ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება თორმეტივე რეკომენდაცია.

მინდა, მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ეს სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

მინდა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო, რეალურად, მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ, ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება