“რა ფუნქცია და დანიშნულება აქვს “ენჯეო” სექტორს? კლასიკური გაგებით, “ენჯეო” არის მოგებაზე არაორიენტირებული ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მიზნად ისახავს პოზიტიური ცვლილებებზე ორიენტირებას. ის აქცენტირებს სოციალურ საკითხებზე. მესამე სექტორი, როგორც მას უწოდებენ, დარაჯობს საზოგადოებაში გაჩენილ უკმაყოფილებას, შემდეგ ამ უკმაყოფილების მიზეზებს შეისწავლის და ცდილობს ცვლილებებზე პედალირებას, ასრულებს რა მთავრობასა და საზოგადოებას შორის მედიატორის ფუნქციას. ამისგან საპირისპიროდ, ქართველ “ენჯეოშნიკს” აქვს ერთი კონკრეტული საქმე და ვნება – გამალებით ეცადოს სახელმწიფოსთვის ბზარების გაჩენას, ყოველმხრივ ხელი შეუშალოს მას საქმიანობაში და ყველა შესაძლო ხერხით მხარი დაუჭიროს, გაამართლოს და მაშველ რგოლად მოევლინოს “ნაცებს”.
რატომ გავაკეთე ეს შესავალი. ეკა გიგაურს მოუროშავს მორიგი ფანტასმაგორია, – ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კორუფციული გარიგებები და სახელმწიფოს მიტაცების მცდელობაო. ანუ, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც, საკუთარი კვლევებითვე, ხალხის ნდობის ერთი პროცენტი გააჩნია, შესაბამისად, საერთოდ მოწყვეტილია სამოქალაქო სექტორს და მის საჭიროებებს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს კორუფციულ გარიგებებს. ეს, ერთი მხრივ, საკუთარი არსებობის გამართლების მცდელობაა, ილუზიის შექმნა, რომ: “აი, ვმუშაობთ, გრანტები არ შეგვიწყვიტოთ, ისევ აქტიურად ვცდილობთ ხელისუფლების დამარცხებას”. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სწორედ ის გიგაურია, რომელიც 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს აბრალებდა ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოების გარეშე, – ყალბ პირადობებს ბეჭდავენ, რომ არჩევნები გააყალბონო. შემდეგ კი, როდესაც სიცრუეში ამხილეს, თავი იმით იმართლა, რომ წყარომ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია და რა ვიცოდით, რომ ტყუილი იყოო. ამ დონის აფერისტი და სრულად “ენჯეო” სექტორის როლის და ფუნქციის მომშლელი სუბიექტი რომ კვლავ ამ სფეროში რჩება და აქაური ლიბერალები უსმენენ და აზრს ეკითხებიან, ეგ კიდევ ცალკე ტრაგედიაა.
დოსტოევსკის „ეშმაკნიდან“ მიესადაგება იდეალურად “ნაც ენჯეოშნიკებს” ერთი პასაჟი, რომელშიც ავტორი რუს ლიბერალებზე საუბრობს. ტექსტში რუსეთი რომ საქართველოთი ჩავანაცვლოთ, ასე გამოვა: „ისინი საშინლად უბედურები იქნებოდნენ, საქართველო რომ როგორმე გადაწყობილიყო, თუნდაც მათ გემოზე და როგორმე გამდიდრებულიყო და გაბედნიერებულიყო. ასეთ დროს მათ ვინმეს ზიზღის საშუალება აღარ მიეცემოდათ, არავის ფეხზე დაკიდება, არავის დაცინვა აღარ შეეძლებოდათ“. თუმცა ამ ზიზღში და უსამშობლობაშიც ისეთი უნიათოები და გოიმები არიან, “ფეისბუკზე” ერთმანეთში ლაიქების მიმოცვლის მეტს ვერაფერს აღწევენ”, – წერს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.