პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელიც ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ.
“მოლოტოვის კოქტელებთან ერთად რაც ვნახეთ, სამწუხაროდ, არის ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში. შეიქმნა ჯგუფები, იწვება წიგნები, ლექტორები არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით.
ეს, რასაც ახლა ვხედავთ, არის ძალიან საშიში ფენომენი. ვხედავთ, რომ ცდილობენ, ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში და გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ.
ამას საზოგადოების მხრიდან დროული რეაგირება და გაცნობიერება სჭირდება, რომ არ მეორდებოდეს ის, რაც სამყარომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იხილა ზოგ ქვეყნებში, სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ის, რაც საზოგადოებამ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ.
იმავე ფსიქოლოგიის ხალხი ცდილობს ახლა, რომ გახდეს ლიდერი. ვგულისხმობ მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ფაშისტური მოწოდებებით გამოდის.
შედით და ნახეთ, რამხელა გამოხმაურება აქვს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან და როგორ ეიფორიაში არიან, კი, გავრიყოთ, მოვიცილოთ, მოვკვეთოთ და ჩავრეცხოთო. წარმოიდგინეთ, ეს მიდგომა რომ აქვს იმ სექტორს, რომელიც დღე-ღამეს სემინარებში ატარებს, ადამიანის უფლებებზე საუბრობს და ამით მოაქვს თავი, რომ “PowerPoint-ზე” გაუშვებს და იქ მიანიშნებს, ადამიანის უფლებებში რამდენი პუნქტია და რამდენი ქვეპუნქტი. ნათელია, რამდენად ფასადურია ზოგიერთი უფლებადამცველის და ლამაზი სიტყვებით მოსაუბრე ადამიანების განწყობა და რამდენად სცდება შინაარსი ამ ფასადს“, – განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.