„ვიღაცას ახლა გაახსენდა სააკაშვილი, როცა კანონი უკვე მიღებულია და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირონ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსი უფლებადამცველისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ე.წ. შტაბის ხელმძღვანელის – მარკ ფეიგინის მიერ აქციაზე შეკრებილ მომიტინგეთა ნაწილის ციხის საავადმყოფოსთან გადანაცვლებისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით.
„ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როცა არ „კვდებოდა“. დანარჩენი 500 დღე ის კვდებოდა, თუ ვინმეს გახსოვთ. აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანიაც, რომელიც წარმოებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს ვერ შევუწყობთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჯაშუშები ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდებიან. არავინ აღარ დაუშვებს საქართველოში არც ბიზნესის რეკეტს, არც მედიის მიტაცებას და არც რუსული ტანკების შემოყვანას საქართველოში, რაც , ვთქვათ, 2008 წელს გააკეთეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.