“მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი”, – ამ სათაურით სტატიას რადიო „თავისუფლება“ აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ყველაზე კარგი შეფასებები, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და შედარებით რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია. მისივე თქმით, საქართველოს ბევრ სფეროში, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში „საშუალოდ მომზადებულად“ აფასებენ, თუმცა საქართველო ჩამორჩება სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ამავე სტატიის თანახმად, სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამუშაო ამჟამად მოლდოვას აქვს გასაწევი – სფეროების უმეტესობა, ევროკომისიის შეფასებით, „ადრეულ ეტაპზეა“, დანარჩენი კი – „მომზადების გარკვეულ დონეზე“.

ავტორის თქმით, ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ესაუბრა, უთხრა, რომ ეს ყველაფერი მოლდოვას წინა მთავრობების უმოქმედობით არის გამოწვეული.

„უკრაინაში, ევროკომისიის შეფასებით, სფეროების უმეტესობა „მომზადების გარკვეულ დონეზეა“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საჯარო შესყიდვების კონტროლის გარემო რთული და სუსტია“, ასევე „არ არსებობს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი”. ევროკომისია იმასაც მოითხოვს, რომ ქვეყანამ შექმნას და მართოს ფლოტის რეესტრი და მეთევზეთა მონაცემების შეგროვების ჩარჩო“, – აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება