„უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის და ომის გამო, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხე ემუქრება. ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა 10 თვეზე მეტია, ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, ვის ინტერესებშიც შედის საქართველო-რუსეთის ომის ცხელ ფაზაში გადასვლა (ჰიბრიდული ომი გრძელდება) და სწორედ ამ ინტერესებს ემსახურება ომისა და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა”, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი, რომლებიც, ყოველდღიურ რეჟიმში, ყალბი პატრიოტიზმისა და თანაგრძნობის საფარქვეშ ცდილობენ ქვეყნის ომში ჩართვას!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ,,ქართული ოცნების” პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას სახელმწიფო და ხალხი, დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთადერთი გარანტია.

„ნათელია, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება, სწორედ ომში საქართველოს ჩათრევაში, არეულობაში და ქაოსში ხედავს ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთ შანსს, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად, საერთოდ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს! 2008 წელს, ხელისუფლებაში ყოფნისას როგორ ,,ღირსეულად” დაიცვა სახელმწიფო და ხალხი (ჯარისა და პოლიციისგან განსხვავებით) ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, ყველამ ვნახეთ და ახლაც, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში (ღმერთმა დაგვიფაროს) რომელი საზღვრისკენ გაიქცევიან, კარგად ვიცით!“ – აღნიშნავს ბოჟაძე.

გაზიარება