პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
„…შემდეგი კითხვის ფორმულირება ასეთია: მმართველი პარტიის არაერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ, რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა. კითხვა მთავრდება შემდეგი წინადადებით – როგორია დღეს მთავრობის პოზიცია და ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს ვხედავთო.
აი, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორისა და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში; რასაც აკეთებენ სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები, ესაა ჩვეულებრივი, კლასიკური საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, მაგრამ ვის წინააღმდეგ? – მტრების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამას აკეთებთ თქვენ, ათი წელია და მანამდეც. გარდა იმისა, რომ ხალხს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად აწამებდნენ და ტერორში ამყოფებდნენ, ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური ომი, მათი ტელევიზიების საშუალებით“, – განაცხადა პრემიერმა.