„ახლა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი რაკეტების წარმოება. ცხადია, ეს აფრთხობს ბერძნებს. როდესაც ვამბობთ „ტაიფუნი“, ბერძნებს ეშინიათ და ამბობენ, რომ ეს რაკეტა მოხვდება ათენს. ცხადია, ის მოხვდება ათენს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამსუნში სიტყვით გამოსვლისას.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, „ტაიფუნი“ არის თურქული წარმოების მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ოქტომბერში შავ ზღვაში გამოსცადეს.

„საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, თუ შეეცდებით იარაღის ყიდვას, მათ შორის ამერიკიდან, მაშინ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება. მას რაღაცის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ თურქეთის რიტორიკა საბერძნეთის მიმართ ბოლო თვეებში ხისტი გახდა. ამის მიზეზად ანკარა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის კუნძულებზე სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას ასახელებს.

გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააფრთხილა საბერძნეთი, შეწყვიტოს ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის ხელისუფლება საჭირო ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა.

გაზიარება